უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპაში ჯერ კიდევ არიან საკმარისი ფიგურები, რომლებიც მსოფლიოს რუსეთის "გაგებისკენ" მოუწოდებენ.
"გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ: ევროპაში ჯერ კიდევ არიან საკმარისი ფიგურები, რომლებიც რუსეთის "გაგებისკენ" მოგვიწოდებენ და ცდილობენ ირანის მსგავსი სახელმწიფოების ტერორისტული პოლიტიკის იგნორირებას. ასეთი ადამიანები სხვადასხვა სფეროში არიან - პოლიტიკაში, ბიზნესში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებში. რატომ არის ეს შესაძლებელი? რას მივყავართ აქამდე?
პასუხი ერთია: ცოდნის ნაკლებობა. საზოგადოების უმრავლესობაში ცოდნის ნაკლებობა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.